ნეონატალური ცენტრი
26.06.2020
ნეონატალური ცენტრი

ახალშობილთა რეანიმაციის განყოფილებაში იმართება შემდეგი ურთულესი პათოლოგიები: ღრმა დღენაკლის, ძალზე მცირე და ექსტრემალურად მცირე მასის ახალშობილთა მძიმე რ.დ.ს, ფილტვის პერსისტირებადი ჰიპერტენზიის სინდრომი, დაჭიმული პნევმოთორაქსი და სხვა, აუცილებლობის შემთხვევაში წარმატებით ხორციელდება სისხლის შენაცვლებითი მანიპულაციები. პროტოკოლების შესაბამისად ხდება მაღალი სიხშირის ვენტილაციის ჩართვა მკურნალობის სქემაში. დანერგილია ადრეული ექსტუბაციის შემდგომ დადებითი წნევით ვენტილაციის უზრუნველყოფა. დროულად ხდება ნეკროზული ენტეროკოლიტის დიაგნოსტირება და ეფექტური მართვა, რაც თავიდან გვაცილებს მის შემდგომ გართულებებს.

                                                                                 

ახალშობილთა პათოლოგიის განყოფილებაში მიმდინარეობს გამოზრდა და განვითარების მეთვალყურეობა, რომელიც ტარდება უახლესი სქემების შესაბამისად. ცენტრში იმპლემენტირებულია დღეისათვის საქართველოში არსებული ყველა სკრინინგ-ტესტი, მათ შორის: სმენის სკრინინგი, თვალის სკრინინგი, რომელთა საშულებითაც პრაქტიკულად მინიმუმამდეა დაყვანილი დღენაკლთა რეტინოპათიის შემთხვევები. წარმატებით იმართება ახალშობილთა ჰემოლიზური დაავადება და დღენაკლულთა ჰიპერბილირუბინემია, რომელიც ემყარება როგორც დროული, ასევე დღენაკლული და ღრმა დღენაკლული ახალშობილის ფოტოთერაპიის ჩვენების თანამედროვე სქემებს.

                                                                                       

ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე მართვითი სუნთქვის აპარატებით, კუვეზებით, ახალშობილის მონიტორინგისათვის საჭირო აპარატურით, ინფუზომატებით, მონიტორებით, ფოტოტერაპიის აპარატებით, ინვაზიური მანიპულაციებისათვის აუცილებელი ხელსაწყოებით. განსაკუთრებული ყურადღება ენიჭება ინფექციის კონტროლს. თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით, ბავშვის წონის, გასტაციის და სხვა მონაცემების გათვალისწინებით,ინკუბატორებში ავტომატურად იქნება ის გარემო, რომელიც კონკრეტულად ამა თუ იმ ბავშვის ორგანიზმს ერგება. მნიშვნელოვანია, რომ ნაადრევად დაბადებულმა პატარამ ჩვენთან თავი ისე იგრძნოს, როგორც დედის მუცელში. პირველად საქართველოში! გაჩნდა შესაძლებლობა, რომ დღენაკლი ახალშობილების გამოზრდის პროცესი მიმდინარეობდეს მშობელთან ერთად.

 

სპეციალურად მოწყობილ პალატებში, მშობელი თავის პატარასთან ერთად ცხოვრობს. დედასთან სიახლოვე, კანით-კანთან კონტაქტი, მშობლის ჩართულობა ბავშვის მკურნალობის პროცესში დადებითად აისახება პატარას ფსიქო-ემოციურ განწყობაზე და სასურველი შედეგიც უფრო მალე დგება.

 

 

პალატაში 24/7 იმყოფება პირადი ექთანი! შექმნილი ოჯახური გარემო, კომფორტი და საკუთარ პატარასთან სიახლოვე მნიშვნელოვნად ამცირებს მშობიარობის შემდგომი დეპრესიის განვითარების რისკს.

თქვენი პატარა თქვენთან ერთად, თავს უფრო დაცულად გრძნობს! ერთად ჩვენ უფრო მეტი შეგვიძლია!ნეონატოლოგიური სამსახურის ნეონატოლოგები ფლობენ როგორ ნეონატოლოგიის, ასევე კრიტიკული მედიცინისა და პედიატრიის სახელმწიფო სერთიფიკატებს, რაც აძლევს მათ საშუალებას მართონ ახალშობილი სამშობიაროში, რეანიმაციაში და ახ. პათოლოგიის განყოფილებაში სრულ გამოჯანმრთელებამდე.

 

 

ექიმთა გუნდი მუდმივად ზრუნავს სამედიცინო განათლების უწყვეტობაზე. ისინი აქტიური მონაწილეები არიან საქართველოში ჩატარებული ყველა სამეცნიერო კონფერენციის.  ებრაელ კოლეგებთან ერთად მონაწილეობდნენ დღეს საქართველოში არსებული თანამედროვე პროტოკოლების შექმნაში.

                                                                                         

ასევე აქტიურად ტარდება განყოფილების შიდა პროტოკოლების შემუშავება. პრაქტიკულად ყველა სინდრომი და პათოლოგია იმართება პროტოკოლების შესაბამისად. უცხოეთთან მჭიდრო კონტაქტი გამოიხატება როგორც ექიმების სტაჟირებაში საზღვარგარეთ, ასევე განხორციელებულია რამოდენიმე ტელეხიდი ამერიკის წამყვან კლინიკებთან.

                                                                                         

განსაკუთრებით აღსანიშნავია თანამშრომლობა თელაშომერის სამედიცინო ცენტრთან(CHAIM SHEBA MEDICAL CENTER), რაც გამოიხატება ებრაელი კოლეგების ჩვენი ცენტრის ბაზაზე ჩამოსვლასა და გამოცდილების გაზიარებაში, ასევე ჩვენი ექიმების ისრაელში სტაჟირებით. აღსანიშნავია  განყოფილების კონტაქტი საფრანგეთის წამყვან პერინატალურ ცენტრებთან. სამსახურის ყველა ექიმი არის ნეონატოლოგთა ასოციაციის წევრი.

                                                                                         

რეანიმაციის განყოფილების მუშაობის ეფექტურობაზე მეტყველებს გადარჩენილი და ბინაზე გაწერილი  ძალზე მცირე და ექსტრემალურად მცირე ახალშობილების დინამიკაში მზარდი რაოდენობა.

გაიცანით ჩვენთან გაზრდილი პატარები, ნეონატალური ცენტრის ინსტაგრამ გვერდზე -და გადავიდეს ამ გვერდზე

© 2019 - 2024. ყველა საავტორო უფლება დაცულია.