საშოს კედლებისა და საშვილოსნოს დაწევა, შარდის შეუკავებლობა - გავრცელებულ გინეკოლოგიურ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე გვესაუბრება გინეკოლოგი, მედიცინის დოქტორი,მამუკა მგელიაშვილი
რამდენაც ხშირი პრობლემაა საშვილოსნოს დაწევა?
საშოს კედლების ან საშვილოსნოს დაწევა (სრული ან არასრული უტერო-ვაგინალური პროლაპსი) ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა გინეკოლოგიაში. გინეკოლოგიური ავადმყოფებიდან, ყოველი მესამე ქალს უდგინდება სასქესო ორგანოების დაწევა. 50 წელს გადაცილებულ მანდილოსნების 40%-ს ამა თუ იმ ხარისხში გამოხატული აქვს ვაგინალური პროლაპსი. ბოლო დროს დაავადებამ განიცადა შესამჩნევი გაახალგაზრდავება, ასაკთან ერთად პროგრესირებს და კულმინაციას აღწევს ხანდაზმულობისა და მოხუცებულობის ასაკში.
რა იწვევს აღნიშნულ პრობლემას?
საშოს კედლებისა და საშვილოსნოს დაწევის მიზეზებიდან აღსანიშნავია: მშობიარობის ტრამვატიზმი, მძიმე ფიზიკური შრომა, ზოგიერთი ქრონიკული დაავადება, რომელიც იწვევს მუცელშიდა წნევის აწევას (ქრონიკული ბრონქიტი, ყაბზობა და ა.შ.), ასევე შემაერთებელი ქსოვილის (მყესების და იოგების) გენეტიკური არასრულფასოვანება.
როგორ უნდა ამოვიცნოთ პრობლემის სიმპტომები?
სასქესო ორგანოების დაწევის სიმპტომებია: უცხო სხეულის შეგრძნება საშოში, დისკომფორტი სქესობრივი ცხოვრების დროს, რთული ფორმების არსებობის პირობებში აგრეთვე აღინიშნება უროლოგიური (შარდის შეკავება) და პროქტოლოგიური (დეფეკაციის გაძნელება) სიმპტომები.
რა ტიპის მკურნალობა ტარდება აღნიშნული პრობლემის დროს?
რთული ფორმების გენიტალური პროლაპსის მკურნალობა ძირითადად ქირურგიულია, მკურნალობის მეთოდები საკმაოდ ეფექტურია თუ ყოველთვის ადგილი ექნება პაციენტთან ინდივიდუალურ მიდგომას - ასაკის, სქესობრივი აქტივობის, სასქესო ორგანოების დაწევის ხარისხის, ორგანიზმის საერთო მდგომარეობის გათვალისწინებით.
ასევე ხშირი პრობლემაა შარდის შეუკავებლობა, რას გვეტყვით ამ პრობლემის მოგვარების გზებზე?
დიახ, საკმაოდ სერიოზული პრობლემაა შარდის შეუკავებლობა. შარდის შეუკავებლობის ის ფორმა, რომელიც დაკავებულია ფიზიკურ დაძაბულობასთან (მძიმის აწევასთან, ხველება - ცემინებასთან) ქირურგიულად წარმატებით იკურნება, მკურნალობის ერთ-ერთი მეთოდი დაკავშირებულია სინთეტიური ბადისაგან შექმნილი მარყუჭით ურეთრის სფინქტერის გამაგრებასთან, ეს ოპერაცია დღეისათვის ოქროს სტანდარტია და ძალიან მაღალი (98%) ეფექტურობით გამოირჩევა.
წყარო:modernmoms.ge